18-03-2020
„ხელისუფლება და მისი ქმედითუნარიანობა ყველაზე კარგად ჩანს კრიზისების და გამოწვევების დროს - დღეს საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევა, ეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და საქართველოს ხელისუფლებამ თავის ხალხს აჩვენა, რომ ის არის ქმედითი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გადაცემა „არენაში“ სტუმრობისას, არჩილ თალაკვაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები და ვირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. მისი თქმით, კორონავირუსის შესაკავებლად და ზიანის შესამცირებლად ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით - საზოგადოებრივი ჯანდაცვით დაწყებული განათლებით დასრულებული, ქმედითი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებას დამუშავებული აქვს სხვადასხვა სცენარები და მომდევნო ნაბიჯებიც.
„ეს ვითარება აჩვენებს თუ როგორ ეკიდება ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების ნდობას, და როგორ ასრულებს საკუთარ პასუხისმგებლობას. მიდის კომპლექსური მუშაობა, ხდება მონაცემთა და გადაწყვეტილებების დამუშავება. ჩვენ დამუშავებული გვაქვს მომდევნო ნაბიჯები და გადაწყვეტილებებიც, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს და დასჭირდეს ჩვენს საზოგადოებას მომდევნო დღეებში. ამიტომ, ამაზე მიდის მუდმივად მუშაობა და მსჯელობა, თუ რა უნდა მოხდეს ერთი, ორი, სამი ნაბიჯის შემდეგ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.