გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შეწყალებისთვის არსებობს სამართლებრივი აქტი - აღიარება

18-03-2020

ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ფაქტია და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის კომპეტენციაში ვერავინ ვერ შეიჭრება.

„შეუძლებელია, რომ დღეს ვიღაცამ თქვას, რომ ქართული მართლმსაჯულება არის პოლიტიზირებული, შეუძლებელია, მითუმეტეს გარკვეულ კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით. პოზიცია არის მარტივი, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, ეს არის ჩემი პოზიცია. შეფასებები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საბოლოო ჯამში არის რამდენიმე განზომილება, ეს არის სუფთა სამართლებრივი განზომილება და საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის კომპეტენციაში საბედნიეროდ ვერავინ ვერ შეიჭრება. ეს არის ფაქტი, ეს ერთი. მეორე - არსებობს გარკვეული პოლიტიკური პროცესები. ახალგაზრდა დემოკრატიის პრობლემები რაში მდგომარეობს? როდესაც არც სიმწიფე, არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ აქტორებს არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორც არის სასამართლო ინსტიტუცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ, თან ისე, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა არ უნდათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეუძლებელია ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემის პირობებში ვიღაცას ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია შეწყალებაზე, ისე რომ ამაში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს და ეს პოლიტიკური ფასი აღიარებაა.

„როდესაც ვიღაც ამბობს, რომ თეორიულად ვიღაც უნდა გათავისუფლდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სასამართლო, როდესაც სასამართლო ინსტანციები გავლილია, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაცა უნდა შეიწყალოს, კი მაგრამ, თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძალიან მარტივია - აღიარებაა, მეტი არაფერი. პოლიტიკური ლიდერების დაკავებას თავისი პოლიტიკური ფასი თუ აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ახლა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, საბოლოო ჯამში ამ ფასს გადაახდევინებს ამომრჩეველი. როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცა უნდა შევიწყალოთ და ვიღაცას უნდა, რომ იყოს შეწყალებული, მისი პოლიტიკური ფასი არის აღიარება, მეტი არაფერი. შეუძლებელია სასამართლო სისტემის, ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემის პირობებში ვიღაცას ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია შეწყალებაზე, ისე რომ ამაში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს. რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს. მე მაგალითად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილს, ჩემთვის რთულია აღიარების გარეშე შეწყალებაზე საუბარი ადამიანზე, რომელიც პირდაპირ კადრებში ფიზიკურად თავს ესხმოდა პოლიციელს, იმისთვის რომ შეჭრილიყო პარლამენტის შენობაში და ეს ფაქტი ყველამ ერთად კამერების წინაშე ვიხილეთ. ეს ხომ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს. სანამ აღიარება, როგორც სამოქალაქო აქტი, სამართლებრივი აქტი არ არსებობს, ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული მოქალაქისთვის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის არ არსებობს. სამწუხარო რეალობაა ეს, მე ამას ვეძახი პოლიტიკურ ფასს. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც კადრებია პირდაპირ, მესმის, რომ ეს მძიმე დღეები იყო ყველასთვის, მაგრამ ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ეს და შეუძლებელია ამის გადაფასება, როდესაც რა მოტივითაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია გაამართლო ადამიანმა მოტივი, პირველი - პარლამენტში შეჭრის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის, შეუძლებელია ამის გამართლება. ჩვენ თუ მას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, ვართ ამისთვის მზად?“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930