18-03-2020
ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება უზრუნველყონ თავიანთი თავისთვის, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენს ბიზნესში არის ბევრი სამაგალითო შემთხვევაც, როდესაც სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოქალაქესთან და სახელმწიფოსთან ერთად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება. აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს.
„ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც, ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინიციატივებს წარადგენს. იზრდება იმ თხოვნების რაოდენობა, რომლითაც მოგვმართავენ როგორც აქ, ადმინისტრაციაში, ასევე მერიაში და კონკრეტულ სამინისტროებში. შესაბამისად, ამ მიზნით იქმნება პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით დავძლიოთ ეს გამოწვევა და კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.