19-03-2020
კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ.
„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმარო. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა.
სწორედ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა კომპანია „მაგთიკომს“ თავად შეაჩეროს 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის პაკეტების გაძვირება არ გაძვირებაზე საუბრის და მსჯელობის დრო.
„ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას. კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია „მაგთიკომს“ რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში. ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზადაა ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“,- განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.