21-03-2020
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარების მიღების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობისთვის კომფორტს კიარ წარმოადგენს, არამედ იძულებითი ნაბიჯია.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას იმედია, ქართული ოპოზიცია ახალი უკვე ათკაციანი პერფომანსებით არ გააპროტესტებს. ზოგადად ეს არ არის რაიმე კომფორტი მთავრობისათვის, პირიქით იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეკონომიკისათვის გაცილებით დიდ ზარალს სწორედ პანდემიის გავრცელების შემთხვევაში მივიღებდით, ჯანდაცვაზე დამატებით ხარჯებს სულაც თავი რომ დავანებოთ. ადამიანურ ფაქტორს და სოციალურ პასუხისგებლობას ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ გადაწონის, ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიური!.
წმინდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებს განცხადებები ეკონომიკის "დაპაუზებით" მოსალოდნელ ზარალზეც, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილის, სამთო-სათხილამურო კურორტების, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის დროებით შეწყვეტას უკავშირდება, და სავაჭრი ობიექტების თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების აკრძალვას უკავშირდება. თითქოს, ეს ვიღაცას უხაროდეს, ხოლო ალტერნატივა უფრო აქტიური პროფილაქტიკური ღონისძიებები იყოს.
მართალია, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა სახეზეა, რამაც ამ ბოლო თვენახევარში გადაავადა და შეაკავა ვირუსის გავრცელება, და რომლის ეფექტიანობასაც საერთაშირისო გამოხმაურებებიც ცხადყოფს, მაგრამ ამ ტიპის უპრეცედენტო გლობალური პანდემიისას, დგება მომენტი უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისაც, გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე. ამის შედეგია ქვეყანაში ყველა შემუსული პირის კარანტინში გადაყვანაც.
აღნიშნული ღონისძიებები მთავრობამ ეტაპობრივად უკვე დააწესა ვირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, თუმცა მათი ნაწილი კანონმდებლობიდან გამომდინარე სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, დღეს კი ამას მიეცემა სრული სამართლებრივი საფუძველი.
იტალიის, ესპანეთის და გერმანიის მაგალითებმაც ცხადად აჩვენა, რომ სახელმწიფო ვერ იქნება მხოლოდ მოქალაქეთა შვითშეგნების იმედად. როგორი დისციპლინირებული და სოლიდარულიც არ უნდა იყოს სოციუმი, რამდენიმე არაკანონმორჩილი მოქალაქის უპასუხისმგებლო საქციელს ვირუსის სერიოზული გავრცელების მაღალი კერების წარმოქმნა შეუძლია, თავისი ლეტალური შედეგებით.
ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა, ეს მარტო ჩვენ არ გვეხება, არანაკლები განოწვევების წინაშეა არა მხოლოდ ევროპის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები, არამედ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკაც აშშ- ის სახით.
მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მთავარი მიზანიც სწორედ ეგ არის - პოსტ კრიზისულ პერიოდში მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით მივიდეთ, როგორც ადამიანური რესურსების, ისე ეკონომიკური დანაკარგების თვალსაზრისით .
დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ეკონომიკის ანტიკრიზისულ პლათფორმაზე გადაყვანა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი უკვე გადაყვანილია დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე, რაც მთავარია იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ, და რაც ნიშანდობლივია, ფინანსური სერვისების წამყვანი ინსტიტუცია საბანკო დაწესებულებები პრაქტიკულად დისტანციური საბანკო მომსახურების პლათფორმაზე არიან გადასული.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ 21 საუკუნის ამ უდიდესი გამოწვევიდან, ეს არის თავისებური გამოცდაც თითოეული ჩვენთაგანისათვის"-განაცხადა ცუცქირიძემ.