გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ​ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად

21-03-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეექმნათ გადაადგილების და ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. მისი თქმით, სახელმწიფოსთან კოორდინაციით უახლოეს პერიოდში ევროპის მიმართულებით, კერძოდ ქ. ბერლინში, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ კომერციული რეისის, ხოლო შემდგომი მიმართულებები, ასევე განისაზღვრება ერთობლივად.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, არაერთმა საქართველოს მოქალაქემ მოახერხა სხვადასხვა რეისით სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ შევძელით და შევასრულეთ სპეციალური რეისები იტალიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან - ეს ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეძლო სამშობლოში დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული და მხარდაჭერილი სხვადასხვა რეისით, თუ ჩარტერით. ამავე დროს, საქართველოს საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს ეხმარებოდნენ საკონსულტაციო რეჟიმში, რათა მათ მოეძებნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ალტერნატიული გზები. ვითარება მართლაც ძალიან რთული და არაორდინარულია, რომლის მსგავსიც, მსოფლიოში არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეებში რამდენიმე რეისი შესრულდა დუბაიდან, მინსკიდან, ევროპის რამდენიმე ქალაქიდან. ამ ურთულეს ვითარებაში, უახლოეს პერიოდში, ჩვენ ასევე შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას. ასევე ჩვენ ვართ მუდმივი კოორდინაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“, სწორედ მათთან შეთანხმებით და კოორდინაციის პირობებში, მოხდება კიდევ დამატებითი მიმართულებების განსაზღვრა უახლოეს დღეებში“ - ამბობს დავით ზალკალიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930