21-03-2020
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობას:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, კეთდება სიუჟეტები, გამოდიან მინისტრები, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ხსნიან დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გამოვიდეთ - თუ არ მივდივართ სასურსათო მაღაზიაში, ან აფთიაქში წამლის საყიდლად. ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ ეს პროცესი არ დაწყნარდება და არ წავა კლებისკენ, არ არის აუცილებელი ახლობლების, ნათესავების მონახულება, ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს პოლიციასაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.