16-03-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული ს.შ, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“ აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი კი მკაცრდება.