გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ

22-03-2020

დღევანდელ სხდომაზე მიმოვიხილეთ როგორც გლობალური, ისე საქართველოში არსებული სიტუაცია. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება იყოს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ, ჯერჯერობით, ბოლო 3-კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ინფექციისა, ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ანუ სერიოზული და სწრაფი ეპიდ-აფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 54 დადასტურებული შემთხვევაა და ცნობილია ყველა შემთხვევის წარმომავლობა, მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების კონტროლი.

„ჩვენ გვაქვს კორონავირუსული ინფექციის 54 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ ვიცით ყოველი შემთხვევის წარმომავლობა, ვაკონტროლებთ ყველა შემთხვევის ეპიდკონტაქტებს. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთებით, ბოლო 5 შემთხვევისა, რომლებიც გამთენიისას დაფიქსირდა. აქედან 3 ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, 1 - ბათუმში და 1 - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, განმეორებითი იყო რამდენიმე შემთხვევა. იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა, ჯამში, 3 პაციენტი. ერთის შესახებ თქვენ გქონდათ ინფორმაცია, ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა გუშინ და ერთიც დღეს. ეს ნიშნავს, რომ 24-საათში მათ ჰქონდათ მიმდევრობით ორი უარყოფითი რეაქცია კორონავირუსის ანტიგენზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ და ვირუსი განულდა ორგანიზმში, მაგრამ მათ ყველას ჩვენი პროტოკოლით ერჩივნათ, გამოჯანმრთელების შემდეგ ორი კვირა კიდევ უნდა დაჰყონ თვითიზოლაციაში და მათ, აუცილებლად, ეს პირობები უნდა დაიცვან. გარდა ამისა, კარანტინში იმყოფება 2712 ადამიანი და თვითიზოლაციაში 2683 ადამიანი. გუშინ 199 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ,-“ აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და კერძო სექტორი გაერთიანდეს.

„ვფიქრობთ, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს იმას, რომ პრევენცია ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა ქვეყანაში. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ, სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ამაზე კარგი იარაღი და ღონისძიება დღეს ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარებისა არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს. სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას რასაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930