16-03-2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელმა პირებმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის აქტები. აღნიშნული დოკუმენტებით ფიქტიურად დაფიქსირდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, ასევე, სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.