23-03-2020
დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ კომენდანტის საათზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, საგანგებო მდგომარეობა იმ პირობებით, რომელიც დღეს არის ქვეყნის მასშტაბით, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ არ დაგვჭირდეს სპეციალური ღონისძიებების კარანტინის მიღება, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გამკაცრებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება მოქალაქეებში, ბიზნესსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება ღონისძიებების შემდგომი გამკაცრებისა, როგორიცაა მკაცრი კარანტინი ან კომენდანტის საათი.
„გასაგებია ყველასთვის, რომ ეს შეზღუდვები მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, მაგრამ ეს მაინც არის შეზღუდვები, როგორც მოქალაქის თავისუფლებისთვის, აგრეთვე, ჩვენი ეკონომიკისთვის. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, გავიმარჯვებთ და შემდგომ გლობალურ კონკურენციაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რომელი ქვეყნის ეკონომიკა აღდგება ყველაზე სწრაფად. ჩვენ, დღეს, უკვე ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავუძლოთ და როგორ მოვახდინოთ მინიმიზირება ამ გლობალური დარტყმისა ჩვენს ეკონომიკაზე. აქ მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენს მოქალაქეებში, ბიზნესში, სხვადასხვა ინსტიტუტებში, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება ღონისძიებების შემდგომი გამკაცრებისა, როგორიცაა მკაცრი კარანტინი ან კომენდანტის საათი,“- აღნიშნა პრემიერმა.