24-03-2020
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურსათის მიწოდება განსაკუთრებულ რეჟიმში ხორციელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის და უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონაში სურსათის ოპერატორებისთვის დამატებითი რეგულაციები და წესები მოქმედებს.
მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს.
ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებასთან იმისათვის, რომ რეგიონში საჭირო პროდუქტების შეტანა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს.
აღნიშნულ ვითარებაში უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მძღოლების ეკიპირება, რომლებიც საკარანტინო ზონაში სპეციალური ხსნარებით დამუშავებული მანქანებით იმოძრავებენ. აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილებას ემსახურება.
ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის სპეციალური შტაბი არსებობს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ყველა მიმართულებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.