25-03-2020
დღეს ჩამოვიდა სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. სწრაფი ტესტებით ვირუსზე პასუხის დრო 6-ის ნაცვლად საათნახევრამდე მცირდება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა ტესტი ჩატანილია მარნეულში და სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას.
„ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ ინტენსიურად, უკვე დასქრინულია 35 000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება“- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 25-მდე ადამიანს გარკვეული ჩივილები დაუდგინდა და მათ ამ ჩივილების შესაბამისად მათ ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ადგილზე 1000 ტესტია ჩატანილი.
„კვირის ბოლოსთვის ჩვენ დამატებით 3000 ტესტს ველოდებით, შემდეგ კი 5000-ს. საერთო ჯამში, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელსაც საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიტანთ“-განაცხადა ტიკარაძემ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი უკვე გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.