28-03-2020
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს კიდევ გაიზრდა. ერთ-ერთი მათგანი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტს კონტაქტი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ჰქონდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 33 პირიდან, ვინც ინფექციურში მკურნალობს საყურადღებო 4 პაციენტის მდგომარეობაა.
ორი ახალი ინფიცირებული მკურნალობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. სულ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID 19-ის მატარებელი 15 ადამიანია მოთავსებული. მედიკოსების განმარტებით, კვლავ მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ. მათ შორისაა მარნეულიდან ერთი კვირის წინ გადმოყვანილი 62 წლის ქალი.
ამ დრომდე უცვლელია COVID-19-ის მატარებელთა სტატისტიკა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. სტაბილურია საავადმყოფოში მოთავსებული ხუთივე ინფიცირებულის მდგომარეობა. დადებითია დინამიკა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ ამ დრომდე 44 პაციენტი იმყოფება. ლევან გოფოძის განცხადებით, გუშინ ჩატარებული 14 ტესტიდან, COVID-19-ის მიმართ ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.
დღეს, შედარებით დამძიმდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ამერიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე დაინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. გამწვავება არ აღენიშნებათ აჭარაში მოთავსებულ კიდევ ექვს პაციენტს. ამ დრომდე, დამაკმაყოფილებელი რჩება ქუთაისში, ზუგდიდსა და საჩხერეში მყოფი ინფიცირებულების ჯანმრთელობაც.
ჩვენ არ გვემუქრება ის რაც იტალიაში მოხდა - ასე შეაფასა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ქართული სტრატეგია, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, COVID 19-ის მატარებელმა ბიზნესმენმა. ბენო ქაშაკაშვილის თქმით, ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი მისთვის ყოველდღიურად იმედის მიმცემია. ბიზნესმენი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.