30-03-2020
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქართული საპატიმროების სისტემა სრულად მზად იქნება, რათა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პატიმრობაშეფარდებული პირები მიიღოს. მისივე თქმით, ამისთვის ცალკე დაწესებულებაც გამოიყოფა.
როგორც თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული სანქციები უცვლელი რჩება.
„სანქციების თვალსაზრისით რაიმე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია. იცით ჯარიმების ოდენობებიც, რომელიც ძალაში რჩება. თუმცა, გახსოვთ, რომ განმეორებით შემთხვევაში, როცა პირი უკვე დაჯარიმებულია და დადგენილ წესს განმეორებით დაარღვევს, გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელიც. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. არ მინდა, ახლა, დღეს უფრო მეტი დეტალი გითხრათ, მაგრამ თუ იმაში მედია დაგვეხმარება, რომ საზოგადოებას ეს უთხრათ, ალბათ ყველასთვის სასარგებლო იქნება. ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება, რათა, თუ შსს-ს თანამშრომლებს დასჭირდებათ უკვე ჯარიმამისჯილი პირის წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევვაში დაპატიმრება, ასეთი პირების მიღება საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.