გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ დახმარება გავუწიოთ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

30-03-2020

„საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ვითარება ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკები, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.

„იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან.

ვითარება ამ ეტაპზე არის საკმაოდ რთული, მაღალი რისკებია აფხაზეთის რეგიონში იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები. რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული , სოციალური დისტანცირებით დასრულებული. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის. რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.

აფხაზეთის რეგიონიდან გადმოყვანილია ერთი 50 წლამდე ქალბატონი, სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში. ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, თუმცა ამ ქალბატონს ჩაუტარდა ტესტირება და საღამოსათვის გვეცოდინება არის დადებითი თუ უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე, რის შემდეგადაც უკვე მივიღებთ დამატებით ზომებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა ცხელება გრძელდება, იმყოფება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ. რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით ასეთი მზაობა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა და ჩვენ ვცდილობთ ამ პარტნიორის მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას ძალიან მძიმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და გავატაროთ გარკვეული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930