6-04-2020
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში მის მიერ განხორციელებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას“ - წერს გამოცემა emerging-europe სტატიაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ეპიდემიის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, დიდი ალბათობით, წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.
აქვე აღნიშნულია, რომ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშენდა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობითი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ცენტრი წამყვანი დაწესებულებაა სამეცნიერო ბიო-სამედიცინო და ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში, თუმცა 2011 წელს დაარსების დღიდან იგი წარმოადგენს რუსული პროპაგანდის სამიზნეს.
„ლუგარის ლაბორატორია არა მხოლოდ იძლევა ძალიან მოკლე დროში ტესტების შედეგების მიღების საშუალებას, არამედ ვირუსის პირველწყაროს დადგენის შესაძლებლობასაც. შეიქმნა რამდენიმე მითი ლაბორატორიის „ნამდვილი“ მიზნების შესახებ, რომლებმაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართველზე იქონია გავლენა, თუმცა დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ამ ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში მის მიერ განხორციელებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას“- აცხადებს Emerging Europe-თან ინტერვიუში, ნინა ხელაძე, TOK TV-ის განვითარების ხელმძღვანელი და საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის პროექტების მენეჯერი.
ამასთან, მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, მართალია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია სიტუაციის გაუარესება, მაგრამ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
„შემთხვევათა დიდი ნაწილი ფიქსირდება ე.წ. კლასტერებში, რომელთაგან ყველაზე მსხვილი დადგინდა ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულში. „ბევრი ექსპერტის თანახმად, ამ და მსგავს დასახლებებში არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, რის გამოც მოსახლეობა სათანადოდ ვერ აცნობიერებს ვირუსის საფრთხეს“, - ამბობს ხელაძე.
https://emerging-europe.com/news/georgias-coronavirus-miracle-so-far-so-good/