6-04-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის ანგარიშს, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული, სამინისტროს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში.
„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსუს გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებულია საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განსაკუთრებთ არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი „ტელესკოლა“ გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც იგი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც სკოლები იყენებენ დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, კერძოდ, მაიკროსოფტის პროდუქტები და, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში. განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ სწავლებაში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევაში 98 ქვეყნის მაგალითია განხილული. საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები კი ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული.
დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხელისუფლების მხარდაჭერით გაატარა. მათ შორის:
1. პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ტრანსლირება 30 მარტიდან დაიწყო. ტელეგაკვეთილები მოიცავს I-XII კლასების ყველა აუცილებელ საგანს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროექტით საქართველოს განათლების სისტემამ დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობაზე იზრუნა.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მეშვეობით შექმნა Microsoft Office 365-ის სამომხმარებლო ანგარიში საქართველოს საჯარო სკოლების დაახლოებით 600 000 მოსწავლის, 55 000 მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის.
3. შეიქმნა პორტალი, რომელიც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მოსწავლეების მონაცემებზე სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის უშუალო ჩართულობის გარეშე.
4. Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე გამოიყო ვირტუალური საკლასო ოთახი ყველა სკოლის ყველა კლასისა და სასწავლო დისციპლინისთვის.
5. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.
6. შეგროვდა მონაცემები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ინტერნეტზე და ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. სტატისტიკის მიხედვით, Microsoft TEAMS-ში ყოველდღიურად ჩართულია 750 აქტიური მომხმარებელი. მთლიანობაში TEAMS-ს ჰყავს 138 698 მომხმარებელი; 23 მარტისთვის Office 365-ს ჰყავდა 143 140 აქტიური მომხმარებელი; ელექტრონულ ფოსტასა და მონაცემების ონლაინ საცავს (OneDrive) ჰყავს დაახლოებით 14 000 აქტიური მომხმარებელი. გარდა ამისა, „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ სასკოლო რეფორმაზე, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი დისტანციური სწავლების დანერგვა და გამოცდილების გაზიარებაა სხვა სკოლებისა და მასწავლებლებისათვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა შესრულებით მშობელი შეძლებს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ბავშვის ჩართულობის უზრუნველყოფას. მასწავლებლები კი მშობლებთან მუდმივი კომუნიკაციის გზით მიაწვდიან ინფორმაციას დისტანციური საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რათა მოსწავლემ დროულად და ადეკვატურად შეასრულოს ყველა საჭირო აქტივობა.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც მსოფლიოს განათლების სისტემა აწყდება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა, რაც აუცილებელი პირობაა დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარსამართად. ამ მხრივ საქართველო გაცილებით მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნები, – ნათქვამია აღნიშნულ კვლევაში.
წყარო: https://globaled.gse.harvard.edu/files/geii/files/framework_guide_v2.pdf