გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა:: ქართული წარმოების პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება

8-04-2020


საქართველოში წარმოებული პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 400 ათასი პირბადე მიეწოდება და დაახლოებით ორ დღეში საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარია - „ავერსის“, „ჯიპისის“, „პსპ“-სა და „ფარმადეპოს“ ქსელებზე. მინისტრის განმარტებით, მოქალაქეები ქართული წარმოების პირბადის შეძენას აღნიშნულ აფთიაქებში ყველაზე გვიან, შაბათს შეძლებენ.
ნათია თურნავას განცხადებით, პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უსასყიდლოდ კერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი.
„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისწავდომი ქართული წარმოების პირბადე, გადაწყდა, რომ აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. ეს არის სუბდისირებადი ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად - 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კონკრეტული აფთიაქები გვეთანამშრომლებიან და მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტს სოციალურ პროექტად განიხილავენ და ამ ფასს საკუთარ მოგებას არ დაამატებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე მრავალჯერადი გამოყენებისაა და დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თითო პირბადე იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციას მოყვება.
მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა პირბადეებიც, მათ შორის იმპორტულიც.
ნათია თურნავას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის, ბოლნისისა და ვანის მუნიციპალიტეტებში განსხვავებული ეპიდსიტუაციაა, ყველაფერი გაკეთდება, რომ პირველ რიგში პირბადეები აფთიაქებს ამ რეგიონებში მიეწოდოთ.
„პირველ ეტაპზე როგორც ვთქვი, 400 ათასი პირბადე იქნება გამოყოფილი სააფთიაქო ქსელებისთვის ქვეყნის მასშტაბით. სააფთიაქო ქსელები, როგორც ვიცი, შეთანხმდნენ გარკვეულ ლიმიტზე - თითო მოხმარებელზე სამი ცალი პირბადი გაიცემა, რაც სამართლიანია. როგორც კი შევატყობთ, რომ მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ. თუმცა, გამომდინარე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა პირბადეებიც შემოდის, შეიძლება თითო ადამიანზე გასაცემი პირბადეების დაწესებული ლიმიტი მოიხსნას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930