9-04-2020
ლენტეხში კორონავირუსი 53 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის კლინიკის მენეჯერის გრიგოლ ტურძელაძის განცხადებით, მამაკაცი სამკურნალოდ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
"პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, დაეწყო სიმპტომური მკურნალობა. იყო პნევმონიაზე ეჭვი და მიეცა ანიტიბიოტიკიც. დილით მდგომარეობა გახდა დამაკმაყოფილებელი. აღარც ტემპერატურა ჰქონდა, აღარც ჩივილი.
კორონავირუსის დადასტურება გუშინ 21:00 საათზე მოხდა. პირველ საათზე პაციენტი რეანომობილის მიერ იქნა გადაყვანილი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში,"-განაცხადა ტურძელაძემ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ცაგერში შეიკრიბება შტაბი, რომელიც პანდემიის პრევენციისთვის სათანადო ზომების მიღებაზე იმსჯელებს.
"დაფიქსირდა თუ არა ლენტეხის ცხელების ცენტრში აღნიშნული ფაქტი, კონტაქტების დასადგენად მომენტალურად ჩაერთვენ დაავადებათა კონტროლის თანამშრომლები. შეიქმნება ცაგერში შტაბი, სიტუაციას გავაანალიზებთ. როდესაც მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, ექიმები იტყვიან სავარაუდოდ, რა მასშტაბებზე გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს"-განაცხადა ჯაფარიძემ.