10-04-2020
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური საკონტროლო გამშვები პუნქტების გეგმიურ შემოვლას ყოველდღიურად ახორციელებს. პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა დღეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილი ის საგუშაგოები მოინახულა, რომელსაც მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა შსს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.
ბრიგადის მეთაური სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ერთ-ერთ საგუშაგოზე ცვლის გადაბარების პროცესსაც დაესწრო.
საკონტროლო გამშვები პუნქტების მონახულებამდე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური მარნეულის საავიაციო ბაზაზე მდებარე მართვის ცენტრში მივიდა, სადაც COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე, საგუშაგოებზე არსებულ მდგომარეობაზე, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობაზე, ასევე, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეულ ყოველდღიურ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მუშაობის შედეგად 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სადეზინფექციო ხსნარით 211 726 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავეს, სამხედრო ექიმებმა კი, თერმოსკრინინგი 459 979 მოქალაქეს ჩაუტარეს.
მეოთხე მექანიზებული ბრიგადა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში 21 მარტიდან არის ჩართული. ამჟამად ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შსს წარმომადგენლებთან ერთად 12 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობენ.