13-04-2020
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის შედგა ვიდეო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევა. ჩინეთი და საქართველო, როგორც მეგობარი სახელმწიფოები და ახლო პარტნიორები, ერთად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და დიდი პასუხისმგებლობით მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას კაცობრიობის სიცოცხლეზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.
ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმატებულმა ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და საქართველოს სხვა წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს იზოლაციის, ვირუსის დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ, ასევე, გულმოდგინედ უპასუხეს ქართველების შეკითხვებს სწრაფი ტესტების, უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
ამირან გამყრელიძემ, პირველ რიგში, მიულოცა ჩინეთს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში მოპოვებული დიდი წინსვლა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, მათ შორის, უკვე მესამედ ორგანიზებული ვიდეო კონფერენციისათვის. მისი თქმით, ქართველი ექსპერტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის გამოცდილება, რადგან ეს დაეხმარება მათ ეპიდემიის უფრო სწრაფად დამარცხებაში. ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტები ყურადღებით მოუსმენენ ჩინელ კოლეგებს და მომავალშიც, იმედია, შეძლებენ ახლო კონტაქტის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სახელით, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებასა და სჩუანის პროვინციას საქართველოსთვის გამოგზავნილი სწრაფი ტესტებისათვის, რომელთა ლაბორატორიული გამოცდის შედეგადაც, ქართული მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად პეკინში საქართველოსთვის მზადდება კიდევ ერთი რეისი სამედიცინო აღჭურვილობისათვის.