13-04-2020
„ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მთავრობამ უკვე განაცხადა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ შიდა რესურსებით დამობილიზდება 2 მილიარდი ლარი. ეს არის გეგმის ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე შექმნილია სპეციალური ფონდი, სადაც უკვე ჩარიცხულია მილიონობით ლარი და ამის გარდა ინტენსიურად წარიმართება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო მასშტაბით რესურსების მობილიზება კრედიტების თუ გრანტების სახით. ეს არის გეგმის პირველი ნაწილი-რესურსების მობილიზაცია და მეორე თემაა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ არაპრაგმატული ნაბიჯები. ჩვენ თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მეტ-ნაკლებად დაზუსტებულ ინფორმაციას იმასთან ადკავშირებით, თუ როგორია ეკონომიკური ვითარება და რა სოციალური ეფექტი ქონდა ეპიდემიის გავრცელებას. როგორც კი გვექნება ეს სურათი, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზუსტი გეგმის წარდგენა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის ერთერთი წყარო არის შემოსავლების სამსახურის ბაზა, რომელიც ახლდება ყოველი თვის 15 რიცხვში და ამ დროიდან ხელისუფლება შეძლებს მეტნაკლებად განსაზღვროს ის, თუ როგორი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ვირუსის გავრცელებას მარტის თვეზე. მისივე თქმით, 15 რიცხვის მონაცემები ხელისუფლებას მისცემს საშუალებას გაკეთდეს პირველი ეკონომიკური გათვლები დარესურსი დაიხარჯოს მიზნობრივად და რაციონალურად.
„მთლიანობაში, ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული არის ერთიანი ყულაბა და ყველაფერი უნდა მოხმარდეს იმ უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციას, რომელიც არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან. შეგახსენებთ, რომ უკვე დაწყებულია ხარჯვაც და შეღავათების დაწესებაც სხვადასხვა მიმართულებით. ვგულისხმობ ეკონომიკური სუბიექტებისათის საგადასახადო შეღავათებს, ასევე კრედიტების ნაწილში დაწესებული შეღავათები, ასევე არის დაფინანსებული კომუნალური პაკეტიც სახელმწიფოს მხრიდან. სადაც ჩვენ უკვე შეგვეძლო იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება თითოეული თეთრი დაიხარჯოს მიზნობრივად და მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს, იქ ხარჯვა უკვე დაწყებულია. ანალიზი გაგრძელდება და გაგრძელდება ხარჯვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მონაცემები, რა თქმა უნდა ყველა წყაროს გათვალისწინებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.