21-04-2020
თუ ნივთთან ინფიცირებულ ადამიანს შეხება ჰქონდა, ის შეიძლება ინფექციის გადამტანი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„კორონავირუსის გადაცემა არის ორნაირი: წვეთოვანი და კონტაქტური. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონტაქტურ გადაცემასთან. თუ ვირუსით დაბინძურებულ ნივთებს შეეხებით, შემდეგ თქვენდაუნებურად ხელს ცხვირთან, პირთან ან თვალთან მიიტანთ, დაინფიცირება შესაძლებელია. უფრო მეტიც, შეიძლება ის ავადმყოფი არც შეეხოს იმ ნივთებს, მაგრამ ახლოს თუ იმყოფება, მეტყველების, ხველის, ცემინების დროს გამოყოფს შხეფებს, რომელშიც შეწოვილია ვირუსის ნაწილაკები, რომელიც საგანზე მოხვდება, დაილექება და გადაცემა ამ გზით შესაძლებელია“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.