22-04-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ძალიან ბევრ ჩვევაზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხორების წესი უნდა შევიცვალოთ.
მისივე თქმით, ჩვეული წესის დასაბრუნებლად 1 წელი დაგვჭირდება.
"კოვიდ 19"-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების, მოგვიწევს ამაზე საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა.
რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენად ვისწავლით "კოვიდ 19"-თან ცხოვრებას.
რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს"-განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის აზრით, უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი შესაძლოა ზაფხულში უკვე იყოს შექმნილი.
"ვაქცინას, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით. იმედია, ვაქცინაზე გაცილებით ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი. ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს შეიძლება უკვე ზაფხულშიც მოხდეს"-აღნიშნა იმნაძემ.