22-04-2020
საკითხის დაყენება ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარდასაჭერად უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პასუხები და მაგალითად მოგყავთ, დედამ როგორ უნდა უყიდოს შვილს პური, პოპულიზმზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ არასწორია, - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყარეს კენჭი.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, ოპოზიციის მიერ დასმული აქცენტები არის ირიბი მოწოდება მოქალაქეებისთვის, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ.
„თქვენ დღეს თქვენი გამოსვლებისას გაკეთებული აქცენტებით, რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ იმისკენ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს. თქვენ ამას აკეთებთ შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება, რომ შეზღუდვები დაასაბუთოს. მე კონკრეტულ შეზღუდვებზე ვისაუბრე. თქვენ უბრალოდ პოპულიზმში გადადიხართ და მოქალაქეებს მოუწოდებთ, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს, ფაქტობრივად, ადამიანებს გონებაში უდებთ იმას, რომ ეს არ არის საჭირო. თითქოს დღეს აქ მთავრობის წარმომადგენელი და პრეზიდენტი მოვიდნენ იმისთვის, რომ ჰაერზე გელაპარაკონ, არგუმენტები არ წარმოადგინონ და გაურკვეველი მიზნებით ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს ამ ირიბ მოწოდებებს დაუმორჩილებლობისკენ?!”, - მიმართა ნათია მეზვრიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.