24-04-2020
შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მკურნალობის ეს მეთოდი სირთულეებთანაა დაკავშირებული.
„ერთ-ერთი, მეთოდი, რაზეც ახლა ვმუშაობთ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენებაა. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც დონორობაზე თანხმობა განაცხადა, უკვე შეგროვილია.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია.
უპირველეს ყოვლისა, ისეთი დონორი უნდა შეირჩეს, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით დამცავი ანტისხეულები სისხლში აქვს , მეორე – ეს დონორი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მესამე – უნდა არსებობდეს სისხლის ჯგუფებს შორის შესაბამისობა…
სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ მთელს მსოფლიოში, ეს თავისთავად ძალიან ეფექტური და იმედისმომცემი მეთოდი ვერსად ჰპოვებს მასობრივ გამოყენებას. ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთეული ან ათეული შემთხვევაა.
ჩვენ ამისთვის ვემზადებით. შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ კვირაში ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ჩვენ გვყავს 111 გამოჯანმრთელებული. მათგან მაქსიმუმ 15 პროცენტის პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.