27-04-2020
28 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია", ონლაინ პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური გაუძღვება.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდება იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც კოვიდ 19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ. ასევე, საუბარი შეეხება მიმდინარე საკვანძო პრობლემებსა და ახალ გამოწვევებზე მსჯელობას, ამ მიმართულებით გრძელვადიან ცვლილებებს, რისკებსა და არსებულ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ სსფ მუშაობს სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რათა რეგიონის ქვეყნების სწრაფი დახმარება უზრუნველყოს. პრიორიტეტი ენიჭება პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებას, რაც გულისხმობს სამედიცინო სექტორისთვის დანახარჯების ზრდას, სამოგზაურო და სატრანსპორტო შეზღუდვებს, ფიზიკური დისტანცირების ზომებს და, სადაც შესაძლებელია, ფისკალურ დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან უმუშევრები, მცირე და საშუალო ბიზნესები.
2020 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადაიხედა და რეგიონის მასშტაბით დადებითი მაჩვენებლიდან ნულთან ახლოს ან უარყოფით მაჩვენებლამდე შემცირდა. ორივე ამ შოკის ხანგრძლივობის, სიღრმის და უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაურკვევლობა არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაო ადგილებს, ფისკალურ და სავალუტო ბუფერებს, ვალის მდგრადობას, საფინანსო ინსტიტუტების სიჯანსაღეს, ბიზნეს გარემოს რეფორმების გაგრძელებას, რეგიონული ინტეგრაციასა და დივერსიფიკაციას.
დისკუსიაში კობა გვენეტაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.
ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საეთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელები.
ფორმატიდან გამომდინარე, ღონისძიების ორგანიზატორები დაინტერესებულ მხარეებს აძლევენ შესაძლებლობას, შეკითხვები დაუსვან ჯიჰად აზურს, კობა გვენეტაძეს და კაირატ კელიმბეტოვს, ამისათვის მათ შეუძლიათ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 27 აპრილის 22:00 საათამდე (თბილისის დროით), გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: relnagar@imf.org; mhorton@imf.org
სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.imf.org, ასევე, გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის Facebook - ის გვერდზე - https://www.facebook.com/NationalBankofGeorgia/