28-04-2020
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი დმიტრი რაზუმკოვი დარწმუნებული არ არის, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხარს დაუჭერს. სააგენტო „ერბეკა უკრაინასთან“ საუბარში, რადას სპიკერმა თქვა, რომ პარტია „ხალხის მსახურს“ საკმარისი ადამიანური რესურსი აქვს, რომელიც მინისტრთა კაბინეტისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვა სახელმწიფოების გამოცდილების მიღება და სხვადასხვა სფეროში ექსპერტების მოზიდვა ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს საკმარისი რაოდენობის ისეთი კოლეგები, რომელთაც შეუძლიათ რეფორმების გატარება და მინისტრთა კაბინეტისთვის სარგებლობის მოტანა.
დღევანდელი მდგომარეობით, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე სრულად გავიზიარებ და მხარს დავუჭერ მთავრობაში განხილულ საკადრო დანიშვნას“, – განაცხადა რაზუმკოვმა.
რადას სპიკერმა ასევე თქვა, რომ უმრავლესობის ფრაქციაში მოსაზრებები გაყოფილია და ზოგიერთი ადამიანი ინიციატივას ემოციურად და პოლიტიკურად უჭერს მხარს, ზოგი კი, ძირითად ფასეულობებზე დაყრდნობით, ამ საკითხს პრაგმატულად უდგება.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრ კორნიენკო აცხადებს, რომ თანაპარტიელებს შორის სააკაშვილის მხარდაჭერის მზარდი ტენდენციაა.
22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.