გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ დასჭირდებათ

28-04-2020

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, - განაცხადა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 150 000-მდე რეგისტრირებული თვითდასაქმებული. 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობებზე და წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.

პირები, რომლებიც იხდიან ფიქსირებულ გადასახადს და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები არიან როგორც მიკრო ბიზნესი.

ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთაც 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარმოსადგენი ინფორმაცია:

· სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

· საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

· საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930