გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერმა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი

21-03-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.


ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა, ენერგოეფექტურობა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ასევე, გაცვლიან საინვესტიციო შეთავაზებებს და ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ ბიზნესფორუმებს.


თბილისის მერის განცხადებით, ორ ქალაქს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.


„ვფიქრობთ, ძალიან დიდია პოტენციალი, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, ის ურთიერთობები, რომელიც წლებია არსებობს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.


თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, აქტიურად განვითარდება ურთიერთობები ტურისტულს ფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებ-გვერდებზე; ორივე დედაქალაქში ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობასა და საინფორმაციო მხარდაჭერას.


მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცის განცხადებით, თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.


„დღეს ხელი მოვაწერეთ 2018-2020 წლების თანამშრომლობის განვითარების პროგრამას, რომელიც ორი ქალაქის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ აქტიურად და დინამიურად ვვითარდებით 2015 წლის სექტემბრიდან და დარწმუნებულივარ, რომ როგორც თბილისის, ასევე მინსკის მოსახლეობა ხედავს, რომ ურთიერთობები როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური პროექტების დონეზე ვითარდება“, - განაცხადა ანდრეი შორეცმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში. კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.


თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერამდე, თბილისის მერსა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930