30-04-2020
ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ მედიკამენტ "რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ცერცვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა შანსი აქვს საქართველოს, რომ სამომავლოდ კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად მედიკამენტი "რემდესივირი" მიიღოს.
"რემდესივირი როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა. რემდესივირი თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში. მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე თვლიდნენ ასე. შემდეგ ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ რემდესივირი არც ისე ეფექტურია კოვიდის დროს როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია, იცით რომ ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რემდესივი ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ყველა არ ეთანხმება ამ განცხადებას, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ რემდესივირი კარგია. თავიდანვე როცა კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო იდგა რიგში რემდესივირის მისაღებად, იმიტომ რომ თავიდანვე ფავორიტად იყო შერაცხული. იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს ცოტა ინფიცირებული და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი რემდესივირის რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, გამომდინარე იქიდან რომ პირველ რიგში დააკმაყოფილებენ იმ ქვეყნებს, სადაც ბევრი ინფიცირებულია. ჩვენს მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს აქვს პრივილეგია, რომ კომპანია გილეადი ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს აწვდის ჰეპატიტის პროგრამის ელიმინაციისთვის უფასოდ მედიკამენტებს და საერთოდ დიდ პატივს სცემს საქართველოს. ქალბატონმა ეკამ და მთავრობამ ისარგებლეს ამ პრივილეგიით და უშაულოდ მიმართლეს კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოს და მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და მისცეს რემდესივირი. არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს და თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის, ამით საქართველოს კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.