7-05-2020
ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციასა და გავრცელების შემცირებას მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ჯერჯერობით, ქართველი ექსპერტების ყველაზე კარგი პროგნოზი მართლდება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ნაწილობრივი წარმატებაა. წარმატება უეჭველია იმ ფონზე, როდესაც ჩვენთან ბოლო პერიოდში მატება აღინიშნებოდა, ხოლო მსოფლიოში კატასტროფული მატება იყო. ამ ფონზე ეს, რასაც მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, არის წარმატება, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია – ჯერჯერობით, ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციას და გავრცელების შემცირებას, როცა ბოლო დღეებში ათზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, მართალია, მოიხსნა ყველაზე მკაცრი შეზღუდვები, მაგალითად, კერძო ავტომობილების გადაადგილება და დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა, მაგრამ რიგი სერიოზული შეზღუდვები მაინც არის, როგორიც არის, მაგალითად, კომენდანტის საათი, შეჩერებული რესტორნები, ტურისტული სეზონი და ა.შ.
„ჩემი შეფასება ასეთია – ის, რასაც მივაღწიეთ, ძალიან კარგია, ეს ეტაპი უნდა გაგვევლო, მაგრამ ჭეშმარიტ წარმატებაზე ლაპარაკი მაშინ შეგვეძლება, როდესაც ამ დონეს, დღეში 10, მაქსიმუმ 20 შემთხვევის მატების დონეს შევინარჩუნებთ მაშინ, როდესაც შეზღუდვები აღარ იქნება. თუ ამ დონის შენარჩუნებას შეზღუდვების გარეშე შევძლებთ, ეს უკვე იქნება დიდი წარმატება და ფაქტობრივად, ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი, რამეთუ ათი ახალი შემთხვევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ძალიან კარგად არის მობილიზებული ამ დაავადებასთან საბრძოლველად და დღეს, დაახლოებით 11 კოვიდცენტრი სანახევროდაც არ არის დატვირთული. ასე რომ, ათ ახალ შემთხვევას საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ისე გაუმკლავდება, რომ ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რიტმს არ დაარღვევს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
„კოვიდ 19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ თუ ეპიდემია ნულზე დავა, როგორც ეს, მაგალითად, გრიპის შემთხვევაში ხდება, ძალიან კარგი, თუ არა და უნდა ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად თანაცხოვრება.
„მგონია, რომ როცა მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, მინიმალური შეზღუდვები კარგა ხანს უნდა დავტოვოთ. ეს არის სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება და კიდევ, ერთი-ორი ასეთი შეზღუდვა, რაც დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. აი, ეს უნდა დავტოვოთ და ამ ფონზე უნდა გვქონდეს შემთხვევების ისეთი მცირე რაოდენობა, რომელიც ჩვენი ცხოვრების რიტმს არ შეცვლის და არც ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ასეთი ეპიდსურათის შენარჩუნების შემთხვევაში ხელისუფლებამ უკვე 22 მაისს იფიქროს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდვითარება ასე გაგრძელდა, როგორც ახლაა, ეს შესაძლებელია.