7-05-2020
რამდენიმე დღის წინ, თბილისში ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარს ვეწვიეთ. იმის გამო, რომ მათთან კონტაქტი ამ ეტაპზე არ შეიძლება, თავშესაფრის ხელმძღვანელს, მზეო ჯაჯანიძეს ეზოში ვესაუბრეთ. საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოგვივიდა, საიდანაც ერთ ეპიზოდს მოგიყვებით:
– პანდემიამდე ბევრი მოხუცი ოჯახის წევრებს დილით მოჰყავდათ, საღამოს შინ მიჰყავდათ ხოლმე, მაგრამ ახლა ასე არ შეიძლება. აქ მცხოვრები მოხუცებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს და იმათთვისაც. ამიტომ ახლა ის მოხუცებიც სულ აქ არიან და გარეთ არ გადიან. მათი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ისე მიყვარს ყველა და განვიცდი მათ პრობლემებსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, ახლა 30 მოხუცი ცხოვრობს აქ, მუდმივად, ჩვეულებრივი რეჟიმის დროს უფრო ნაკლები იყვნენ.
მოხუცები ერთმნეთთან მეგობრობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულობენ კიდეც. ერთი 80 წლამდე მამაკაცი გვყავს. შეუყვარდა 70 წლის ქალბატონი. იმასაც საპასუხო გრძნობა გაუჩნდა. იყო ერთი სიყვარულობანა. კაცი გვეუბნებოდა – ბეჭედი მიყიდეთ, უნდა დავნიშნოო, მაგრამ უეცრად სიტუაცია შეიცვალა და ერთმა 83 წლის ქალბატონმა გადმოიბირა და წაართვა შეყვარებულს.
მამაკაცი ძნელად გადაადგილდება, მის პირველ შეყვარებულსაც, ასევე უჭირს სიარული. ხან ვის სთხოვდა, მასთან მიმიყვანე, დამსვიო და ხან – ვის. ეს მეორე შეყვარებული კი უფრო ყოჩაღია და თვითონ აკითხავდა კაცს. მიდიოდა თურმე და ეუბნებოდა, მე უფრო ლამაზი ვარ, იმასთან რა გინდა, მე უფრო კარგად მოგივლიო.
ისე გამოვიდა, რომ წაართვა ფაქტობრივად და პირველი შეყვარებული ძალიან ნაწყენი დარჩა – მიღალატაო, ამბობდა და გაიბუტა.
მამაკაცი თავიდან ცოტა აპროტესტებდა, ახლანდელი შეყვარებულის ქმედებებს, – უთხარი, დამანებოს თავიო, – მთხოვა, მაგრამ ქალი არ მოეშვა და საბოლოოდ დააშორა ეს კაცი პირველ შეყვარებულს. – იმასთან თქვენ უნდა მიმიყვანოთ, ეს კი თვითონ მოდის ჩემთანო, ხელი ჩაიქნია და ბედს შეურიგდა.
მოხუცთა თვაშსაფრიდან საინტერესო ამბებს კიდევ მოგაწვდით.
შენიშვნა: ფოტოზე გამოსახული მოხუცები ამ თავშესაფრის ბინადრები არიან, მაგრამ ამბავთან, რომელიც მოგიყევით, კავშირი არა აქვთ.