გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან 2019-2020 წლებში ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი განიხილა

23-03-2018

მიმდინარე წლის 22-24 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი.


დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში ევროპის საბჭოსთან არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოსთვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.


მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას.


ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობაზე 2019-2020 წლებში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროპის საბჭოს დელეგაცია ასევე გეგმავს ეწვიოს საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთში და ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.


ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და შესაძლო სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031