11-05-2020
ინფექციურ საავადმყოფოში პნევმონია მხოლოდ სამ პაციენტს აქვს და ჯერჯერობით მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე საქართველოში 638 შემთხვევაა დადასტურებული, 317 უკვე გამოჯანმრთელდა. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 311 პაციენტი მკურნალობს. სამივე ახალი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, ისინი მანამდე საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობს 41 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავდა და შეიძლება ითქვას, რომ მასთან მდგომარეობა, მეორე დღეა სტაბილურდება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. 3 პაციენტია პნევმონიით, მათ შორის ორი არის ახალი. ჯერჯერობით მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მონაცემებს თუ შევხედავთ, პიკის პერიოდში ვართ და კვირაზე მეტია, გვაქვს ერთნიშნა მატება. მართალია, შეზღუდვები ნელნელა შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს დაცვის საშუალებების გამოყენება და იმ ცხოვრების წესის შენარჩუნება, რომელმაც ასეთი კარგი შედეგი მოგვიტანა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.