გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამყრელიძე: „რემდესივირი“ მხოლოდ მძიმე პაციენტებში ინიშნება

13-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი "რემდესივირი" ებოლას ეპიდემიის დროს შეიქმნა და "კოვიდ-19"-ის პანდემიის პირობებში მისი გამოყენების ყველაზე დიდი გამოცდილება ჩინეთს აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული პრეპარატი დღეს გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეპიდემიაა.

"ძალიან დიდი აჟიოტაჟია "რემდესივირთან" დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია "გილიადის" მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერნი და ყველაზე ძლიერი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში. იგი დასავლეთ აფრიკაში 2014-2015 წლებში ებოლას ეპიდემიის დროს შეიქმნა და გამოიყენებოდა ებოლას დროს. შემდგომ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო, კერძოდ, უხანში და ყველაზე ფართო, მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების აქვთ ჩინელებს. ამის შემდეგ აღნიშნული პრეპარატი დღეს გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეპიდემია არის და მოგეხსენებათ, 210 ქვეყანაშია ეპიდემია დღეს, ანუ პანდემია. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია, ეს პრეპარატი გამოიყენება"-განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ "რემდესივირს" "კოვიდ-19"-ის მკურნალობაში განსაკუთრებული როლი აქვს. მისივე განმარტებით, "რემდესივირზე" ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მიმდინარეობს მრავალ ქვეყანაში და ამ კვლევაში საქართველოც არის ჩართული.

"ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, ამ ტიპის დადასტურებული კვლევები, რომ "რემდესივირს" აქვს განსაკუთრებული როლი "კოვიდ-19"-ის მკურნალობაში, ანუ, რომ მას ჰქონდეს დაახლოებით ისეთი როლი, როგორიც აქვს მაგალითად, "სოფოსბუვირს" ცე ჰეპატიტის მკურნალობაში, როდესაც ის სრულად კურნავს ადამიანს და "სოფოსბუვირი" მოქმედებს მაგალითად, ცე ჰეპატიტის ვირუსზე. ჯერჯერობით ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არის. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩაატაროს "რემდესივირზე" ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა, ან თუ მისი სარგებლიანობა დადასტურდა, რამდენად ეტიოტროპულია ის, ანუ მოქმედებს ამ ვირუსზე. ამ ტიპის კვლევას დღეს "სოლიდარობის კვლევა" ჰქვია, რომელსაც კოორდინირებას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ის ჩატარდება მრავალ ქვეყანაში ერთად, ერთ პერიოდში.

მათ შორის ჩართულია საქართველოც, იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადების დროს გამოყენებისა და მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც საქართველო შერჩეული იქნა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად ამ პრეპარატის გამოყენების. როგორც ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი ექიმებისა და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა. ეს იქნება ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ავადმყოფთა შესაბამისად, იქ, სადაც ჩვენებაა მისი დანიშვნის, რადგან "რემდესივირი" არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება, მხოლოდ მძიმე პაციენტებში, იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა ჩვენ მივიღოთ ვალიდური, ანუ მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ"- განაცხადა გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031