გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს

23-03-2018

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო , რომლის დროსაც ადგილზე 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

საქართველოს დელეგაციის მიერ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მოსკოვი ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის მასობრივ უკანონო და იძულებით პასპორტიზაციას, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირიდა ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას.

ქართულმა მხარემ ასევე დაგმო ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა და კანადა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გამართული არჩევნების დაგმობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


აშშ-ს წარმომადგენელმა ასევე დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა, რომეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელი ნაწილია. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებები 2018 წლის 15 მარტს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც გაკეთდა. საქართველოს დელეგაციამ დაგმო რუსეთის ფედერაციის განზრახვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რის შესახებაც მკაცრი განცხადება გააკეთა ასევე კანადის წარმომადგენელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930