19-05-2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულმკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულმკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას, თუმცა დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო დანაშაული სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.