20-05-2020
საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება"-აცხადებენ პროკურატურაში.