გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა შესაბამის უწყებებთან სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის საკითხები განიხილა

20-05-2020

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების - სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, ჯამში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან ერთად, ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 000-ია. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა.

პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება.

სამუშაო შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ გამოწვევებსაც, რომელიც მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ხელმისაწვდომობა ონლაინრეგისტრაციაზე და შესაბამისად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები უფრო სწრაფად გაიცეს, საქართველოს მასშტაბით მეტად აქტიურად იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 70 ტერიტორიული ერთეული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930