26-05-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს.
„ჩვენ, ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით, იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.