გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

25-03-2018

ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ბემბანგ სოესატიოს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინდონეზიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ირაკლი კობახიძემ ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა.


საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. ქართულმა მხარემ ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, აბრეშუმის გზისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


თავის მხრივ, ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ, სურვილი გამოთქვა კიდევ უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები და შეიქმნას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მიზნით, ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიაში მიიწვია.
„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა ძალიან კარგი პლატფორმაა ორმხრივი შეხვედრებისთვის. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში დავიწყეთ შეხვედრა ინდონეზიის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრის დროს გაჟღერდა ის ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესოა. მათი მხრიდან მივიღეთ მყარი დასტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მივიღეთ მათი მხრიდან შეთავაზებები და გავაჟღერეთ ჩვენი მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის სურვილი. დარწმუნებული ვარ ამას ექნება თავისი გავრცობა საერთო სურათში. იმედი მაქვს ყველა სხვა შეხვედრა იქნება ასეთივე წარმატებული, სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, როგორიც ეს შეხვედრა იყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის,“-განაცხადა ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.


ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930