25-12-2017
პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდის დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში რამდენიმე მოზარდია დამნაშავე.
„გამორიცხულია, ჩემი შვილისთვის ამდენი ჭრილობა ორ კაცს მიეყენებინა. დათოს ვერ მოერეოდნენ, სპორტსმენი და ნავარჯიშევი ბიჭი იყო, ამიტომ დაჩეხეს დანებით.
ექსპერტიზის პასუხს ველოდებით და დარწმუნებული ვარ, საქმეში სხვა დანები და დამნაშავეებიც გამოიკვეთება. დათოს 12 ჭრილობა ჰქონდა, 5 მათგანი გამჭოლი, ერთი – ფეხზე, რამაც არტერია დაუზიანა, შემავალი ჭრილობები ჰქონდა ღვიძლზეც და გულის არეშიც.
ჩვენებებს გადავხედე, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და იქაც იკვეთება, რომ რამდენიმე იარაღია გამოყენებული, თუმცა ამ ეტაპზე ორი დანაა ამოღებული. დათოს წინიდანაც აქვს დანები დარტყმული და უკანა მხრიდანაც. ამ მდგომარეობაში 12 ჭრილობას ერთი ადამიანი როგორ მიაყენებდა? როგორც ჩვენებებიდან ჩანს, მხოლოდ დაკავებულების იარაღებია ამოღებული. არადა, ითქვა, რომ იქ ბევრს ჰქონდა დანა“, -აცხადებს ზაზა სარალიძე.
მისი თქმით, მეორე მოზარდი – ლევანი საერთოდ შემთხვევით მოხვდა გარჩევაში, მან საქმის ვითარებაც არ იცოდა.
„სახლში მიდიოდა, ჩოჩქოლი რომ შენიშნა, თაღში შეირბინა. როგორც ჩანს, მას იქიდან გამოქცეული ერთ-ერთი მკვლელი შეეჩეხა და ამისთვის მოკლეს… როგორც მეუბნებიან, დავა სათამაშო პისტოლეტით დაიწყო საპირფარეშოში, მერე ორივე მხარემ მეგობრებს დაურეკა და ამას მოჰყვა უბედურება. დათო თავის მეგობრებს გაჰყვა და ასე მოხვდა ამ დავიდარაბაში. თურმე შერიგებისკენ მიდიოდა საუბარი, მაგრამ უცებ ისევ ატეხილა ცემა-ტყეპა და ჩხუბი დანის ტრიალში გადაიზარდა… ის მკვლელი ხმას არ იღებს, იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენებას აძლევენ, სიმართლეს ამბობდნენ. ჩემთვისაც ბევრი რამ ბუნდოვანია, აქ რაღაც იმალება. ჯერ სიმართლეს ვერ მივაკვლიე. ბავშვებს, ალბათ ეშინიათ და ყველაფერს ვერ ამბობენ. ყველაფერი ზედმიწევნით ობიექტურად უნდა გამოიძიონ -ეს არა მარტო ორი ოჯახის ტკივილი, ქართველი ხალხის ტრაგედიაა. საუბედურად, დღეგამოშვებით კლავენ და ჭრიან მოზარდები ერთმანეთს. 16-17 წლის ბავშვებში რა დაპირისპირება უნდა მომხდარიყო ისეთი, ასე სასტიკად გაემეტებინათ ერთმანეთი? მათ შორის უფროსები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, ასეთი დასასრული არ ექნებოდა. ჭკუას დაარიგებდნენ, ან მორიგდებოდნენ… მეზობლები ამბობენ, ისე წამიერად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარით, როცა ჩამოვედით, ბავშვი სისხლში ცურავდაო. სხვათა შორის, პირველსკოლელებიდან ერთ-ერთი ჩემი შვილის თანაგუნდელი იყო (ერთად ვარჯიშობდნენ რაგბიში „ლელოს“ გუნდში), ალბათ, მასაც და ჩემს შვილსაც ვერ წარმოედგინათ ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ამდენი ჭრილობის მიყენება ასე გამეტებით? ჩვენი თაობა რა პერიოდშიც არის გაზრდილი, მოგეხსენებათ -არც იარაღი იყო პრობლემა, არც დანა და ჩხუბი გვიკირდა, მაგრამ იმ დროს არ ხდებოდა მსგავსი, საიდან, ამ პატარა ბავშვებს ასეთი სადიზმი? დათო 25 აგვისტოს გახდა 17 წლის… ჩვენ მამა-შვილი კი არა, უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩემზე ბევრად მაღალი იყო და მეამაყებოდა, შევხაროდი…
სასამართლო, სავარაუდოდ, დახურული იქნება, შეიძლება არც მე დამასწრონ. არ ვიცი, რას იზამენ“, -აცხადებს ზაზა სარალიძე.
წყარო: "კვირა"