11-06-2020
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევმონია აქვს. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივარდ ვატარებდით გეგმურად PCR-ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება.
წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომი აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.