გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება

12-06-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას სინამდვილეს აცდენილს უწოდებს.

საქმე ეხება მაკა სოლოღაშვილის მიერ 9 ივნისს ნათქვამ ტექსტს, რომელზეც მარინა ეზუგბაუა მიუთითებს.

„9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.

სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას - რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არ ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქალბატონი მაკა.

არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი ამ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს.

ქალბატონი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა.

ვერც ქალბატონ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა - ლევან გაფრინდაშვილი დაეხმარა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბატონმა ლევანმა მოახერხა, შესულიყო კომუნიკაციაში ამ პაციენტთან და გადასცა ის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე, რომ ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.

გასაგები მიზეზების გამო მედპერსონალს და განსაკუთრებით COVID-19-ით ავადმყოფებთან მომუშავე მედპერსონალს მთელ მსოფლიოში დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ უხდება ყოფნა. ასე მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალია და გერმანიაა - თითოეულს 10 - ათასზე მეტი დაინფიცირებული მედპერსონალი ჰყავთ, მაშინ როდესაც საქართველოში სულ 104 დაინფიცირებული მედპერსონალია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (12,6%), ვიდრე საშუალოდ ევროპაში (დაახლოებით 20%).

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა“, - წერს აღნიშნულია მარინა ეზუგბაიას Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930