12-06-2020
თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა - უცნობია ინფიცირების წყარო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასაწავლებლის ინფორმაციით კონტაქტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ყველას ვისაც შეხება ჰქონდა პაციენტთან თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია ინფიცირების წყარო.
"სასწავლებლის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნატა ასათიანის განმარტებით, დაინფიცირებულ პირს სტუდენტებთან შეხება არ ჰქონია.
"მოკვლეულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები. სამსახურეობრივი კონტაქტები არის ძალიან მცირე და ყველა კონტაქტს უტარდება ტესტი. ამასთანავე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. 23 მარტიდან სტუდენტები ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო კურსს, აქედან გამომდინარე დაინფიცირებულ პირს არ ჰქონია შეხება არც ერთ სტუდენტთან", - განაცხადა ნატა ასათიანმა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 837 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.