გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს შეხვდა

29-03-2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა.
შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების პროცესში სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.


თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს, ორმხრივი ერთობლივი პოგრამებისა და ინიციატივების განხორციელებით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ინტენსიურ სახეს მიიღებს. მხარეებმა ყურადღება ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლების - Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. სააქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საზღვაო კომპონენტიც დაემატება, რაც რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.


შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია და მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას ისახავს.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა პროგრამის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ კორბატი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ასრულებს, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე დაესწრნენ.


ამერიკული მხრიდან თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930