გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იზოლატორში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო ორი ყოფილი საჯარო მოხელე დამნაშავედ ცნეს

29-03-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ იზოლატორში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო ორი ყოფილი საჯარო მოხელე დამნაშავედ ცნო.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 


„2018 წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საპატიმრო დაწესებულებაში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. 
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია: 
2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ,,სახალხო კრების“ წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.
იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 14 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შეასახლეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.
პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.
2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, აიძულებდნენ საათობით ფეხზე დგომას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროსს თ.ვ.-ს და ამავე იზოლატორის ყოფილ ინსპექტორს ვ.ს-ს საქართველოს სსკ-ის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდათ და განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე თითოეულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“- ნათქვამია განცხადებაში. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930