გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

24-06-2020

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, საერთაშორისო ლეგიტიმაციის მქონე ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებულ ობიექტურ ინფორმაციას და არ ტოვებს სივრცეს არასწორი პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის.

რეზოლუცია, უდაოდ არის ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვება, რაც თანაავტორთა სიმრავლის დინამიკითაც დასტურდება. 

რეზოლუციის შინაარსი და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარზე დაკისრებული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება იმედის მომცემია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება ის პრობლემები, უსამართლო და დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლითაც გაჯერებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, უპირატესად ქართული მოსახლეობის ყოველდღიურობა.

სისტემატიურად ფიქსირდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დარღვევის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის არ ქონის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ქონების განკარგვის უფლების ჩამორთმევის და თვით სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები. 

რუსეთის მიერ, საერთაშორისო მონიტორინგის განმახორციელებელი მისიების საქმიანობის მიზანმიმართულად დაბლოკვის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო სამართლებრივი სისტემიდან მთლიანად განყენებული აღმოჩნდნენ. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა საერთაშორისო მანდატის მქონე მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობაზე. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციას და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელება, რაც გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას და შეუმსუბუქებს ყოფას ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას". - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930